„პორტრეტები“ ჩემი ახალი პროექტია, სივრცე, სადაც, მინდა, საქართველოს ცნობილ შვილებს მოვუყარო თავი, დაგანახოთ მათი ყველაზე საინტერესო პროფესიული და პიროვნული თვისებები. „პორტრეტები“ ერთგვარი გალერეაა, რომელიც თანამედროვე და ისტორიული საქართველოს სურათებს მისი წარმომადგენლების – გამორჩეული ქართველების სახით მოგცემთ. შესაძლოა, ამ გალერეაში უცხოელების პორტრეტებიც ნახოთ, მათი, ვინც საქართველოში და საქართველოსთვის ცხოვრობს. მგონია, უხერხული იქნებოდა, სხვისი პორტრეტების შექმნა, საკუთარი თავის წარდგენის გარეშე. ამიტომ, მათთვის, ვინც ჯერ არ მიცნობს, ვიტყვი: მე გახლავართ მაკა ჯაიანი. დავიბადე ქუთაისში. დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში შევისწავლე საზოგადოებრივი ურთიერთობები და კომუნიკაციის მენეჯმენტი. ვმუშაობდი ბეჭდურ მედიაში, როგორც ჟურნალისტი, რედაქტორი; საჯარო და კერძო სამსახურებში – როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. მიღებული მაქვს პროფესიული ჯილდოები, ორჯერ დამასახელეს წლის საუკეთესო ავტორად, სოციალურ თემებზე მომზადებული სტატიებისთვის. რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს, მათი ამოკითხვა ჩემი ლექსების კრებულში, „შაქარყინულში“ შეგიძლიათ.